“უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა პირველივე განცხადებით მეგობრობის მზაობა დაადასტურა, მან თბილისში ჩამოსვლაც ისურვა” – მათიკაშვილი
“იმას, რაც რადიკალებს უხარიათ საერთოდ არ აქვს ადგილი ჩვენს პოლიტიკურ მოცემულობაში”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.
კერძოდ, ის უნგრეთში მთავრობის ცვლილების საკითხს გამოეხმაურა.
„პეტერ მადიარი არის ვიქტორ ორბანის პოლიტიკური ოჯახის წევრი, რომელიც გამოეყო ორი წლის წინ და შექმნა ოპოზიციური პარტია. ძალიან ბევრ მოცემულობაში ის იდეურად და საკუთარი ლექსიკით, პოლიტიკური შეხედულებებით და წიაღსვლებით პრაქტიკულად ჯდება იმ პოლიტიკურ ნარატივში, რაც ვიქტორ ორბანს გააჩნდა.
მეგობრობის მზაობა დაადასტურა პირველივე განცხადებით უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა. მან თბილისში ჩამოსვლაც ისურვა. რა თქმა უნდა, ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მთავრობის მომავალ ხელმძღვანელს.
ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი პოზიტიური ურთიერთობის გასაღრმავებლად უნგრეთთან.
შეგიძლიათ ნახოთ ევროკავშირის მხრიდან, რამდენი წინაპირობები იქნა დაყენებული მადიარისთვის 35 მილიარდიანი გაყინული ევროს დასაბლოკად. მოკლედ, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოცემულობას. ერთი, რაც არის ფაქტი ის, რომ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებსაც რადიკალიზმის წიაღი აქვთ გარშემო შემორტყმული, მათთვის გასახარებელი აქ არაფერი არ არის და კარგად დააკვირდნენ, როგორ იქცევა ოპოზიცია უნგრეთში, როდესაც არა ხალხის ნების ნიველირებას ახდენს, არამედ იღებს დამარცხებას და შემდგომ ნაბიჯებს უკვე საკანონმდებლო ორგანოში გადადგამს ოპონირების თვალსაზრისით და არა იმ რადიკალიზმის კუთხით, რაც ჩვენ აქ ვიხილეთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.