“ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება – ენა არის ჩვენი იდენტობის ბირთვი – ჩვენი ისტორია, ჩვენი მეხსიერება, სული” – შალვა პაპუაშვილი

“გილოცავთ დედაენის დღეს – ქართული ენის დღეს რომელსაც ყოველწლიურად განსაკუთრებით აღვნიშნავთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დედაენის დღესთან დაკავშირებით, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება – ენა არის ჩვენი იდენტობის ბირთვი – ჩვენი ისტორია, ჩვენი მეხსიერება, სული.

“ილია ჭავჭავაძეს არ შეუთხზავს ფორმულა მამული, ენა, სარწმუნოება. მან მხოლოდ დაინახა, შეაჯამა და გამოთქვა ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ქართველ ერს. ეს არის სამი სვეტი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ყოფა. თუ ერთი სვეტი დაირღვა, დანარჩენიც იწყებს რყევას.

თაობებს შორის კავშირი, დროში და სივრცეში გაბმული ეს უწყვეტობა, არის ერის თვითიდენტიფიკაციისა და კოლექტიური მეხსიერების აუცილებელი წინაპირობა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივემართებით. რა არის ჩვენში ურყევი, შეუცვლელი და ბოლომდე დასაცავი, და რა არის ის, რაც ცვალებად დროში ადაპტაციის შესაძლებლობას გვაძლევს.

ჩვენს პატრიარქს ხშირად უყვარდა თქმა: “დრონი იცვლებიან და მასთან ერთად ვიცვლებით ჩვენც”. მაგრამ, ამავე დროს, იმასაც გვასწავლიდა, რომ ამ ცვლილებებში საკუთარი თავი არ უნდა დავკარგოთ. არ უნდა დავკარგოთ ის, რაც გვხდის ქართველებად. ეს არის ჩვენი მისია.

ქართული ენა, ეს არ არის მხოლოდ სიტყვათა კრებული. ეს არის ცივილიზაცია. ეს არის უწყვეტობა, რომელიც ერთმანეთისგან საუკუნეებით დაშორებულ თაობებს აკავშირებს.

ძნელია მოიძებნოს სხვა ენა, რომლის საუკუნეების წინანდელი ფორმაც ასე გასაგები იყოს თანამედროვე ერისთვის. ქართულ ენას სწორედ ეს უნიკალური უწყვეტობა აქვს. ჩვენ ვკითხულობთ 1700 წლის წინანდელ წმინდა ნინოს ცხოვრებას, 1500 წლის წინანდელ შუშანიკის წამებას და არა მხოლოდ გვესმის მათი შინაარსი, ჩვენ ვგრძნობთ მათ სულს, მათ ძალას, მათ მშობლიურობას. ეს არის იშვიათი ისტორიული პრივილეგია და ამავდროულად – დიდი პასუხისმგებლობა”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები