შარმანაშვილი – ბიძინა ივანიშვილის მიერ ალიევის მიღებაზე: თუ სტუმარი ვინმე გამოჩენილ პირთან მიდის, მასპინძელი ხვდება თავის სახლში და იქ ყოფნის დროს მასპინძელია პრიორიტეტული ფიგურა, მნიშვნელობა არ აქვს – ბიზნესმენთან მივა თუ ფეხბურთელთან, მასპინძელი მასპინძელია
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ჭანტურიას განცხადებას ეხმიანება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბიზნესცენტრში მიღების ფაქტთან დაკავშირებით.
თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის მასპინძელი და შესაბამისად პრიორიტეტული ფიგურაც მოცემულ მომენტში.
„რა მაინტერესებს იცით, ასეთი ტიპების მოძიება რამე სპეციალური ტესტებით ხდება ? ამდენი უტვინო ერთ პარტიაში ნამეტანია ! თუ სტუმარი ვინმე გამოჩენილ პირთან მიდის, მასპინძელი ხვდება თავის სახლში და იქ ყოფნის დროს მასპინძელია პრიორიტეტული ფიგურა თავის სახლში. მნიშვნელობა არა აქვს, ბიზნესმენთან მივა სტუმარი, პოლიტიკოსთან თუ ფეხბურთელთან, მასპინძელი მასპინძელია. ეს რომ არ იციან და ტლიკინებენ, ამით მხოლოდ თავის უმეცრებას უსვამენ ხაზს. მეტს აღარ ვიტყვი, ესეც ბევრია მაგათთვის”, – წერს თენგიზ შარმანაშვილი.