ვის უხდის ბოდიშს გოგა ხაჩიძე? – „დღეიდან ეჭვი დასჯადია“

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც გოგა ხაჩიძე პროექტ “ბრავოდან“ მოხსნეს, თავად დეპუტატი ეხმაურება. გოგა ხაჩიძე მომღერალ გიორგი ბერიძეს ბოდიშს უხდის და სინანულით აღნიშნავს, რომ მის მიერ ამალია ჯიბლაძის ნამღერთან დაკავშირებით გამოთქმული ეჭვი “რუსთავი-2“-ის ხელმძღვანელობამ შურაცხყოფის რეგისტრში აიყვანა.
“გიორგი, ბოდიშს გიხდი შექმნილი სიტუაციისთვის. იცი რომ მას შემდეგ, რაც „ბრავო”-ში შენი ლობისტი გავხდი, მცდელობას არ ვაკლებდი და მთელი მონდომებით ვემზადებოდი შენს მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ერთ კონკრეტულ ნამღერზე, ჩემთვის ობიექტური ე ჭ ვ ი გამოვთქვი და არხის ხელმძღვანელობამ ეს ლამის პირადი შურაცხყოფის რეგისტრში აიყვანა. სასაცილოა, მაგრამ ამის გამო თურმე პროექტიდან „მომხსნეს”. როგორც ჩანს, ვეღარ დაგეხმარები… შენ მართლა ნიჭიერი, ძალიან კარგი მომღერალი ხარ და წარმატებები მინდა გისურვო“, – წერს გოგა ხაჩიძე და აღნიშნავს, რომ “დღეიდან ეჭვი დასჯადია“.
ამალია ჯიბლაძის ირგვლივ ატეხილ სკანდალს “რუსთავი 2″-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. ის განცხადებას არხის სახელით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს და აცხადებს, რომ ამალია ჯიბლაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ცოცხლად იმღერა და არა ფონოგრამით. ამასთან, გვარამიას თქმით, “ბრავოს” ხვალინდელი ეთერიდან არხის გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრი, ბატონი გოგა ხაჩიძე მოიხსნა.
“არხის სახელით მინდა განვაცხადო: 1. ქალბატონმა ამალია ჯიბლაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერა ცოცხლად და არა ფონოგრამით; 2. ვწუხვარ, რომ ქართული ესტრადის ფონოგრამაზე გაწაფული წარმომადგენლები ვერ (ან შეგნებულად არ) ასხვავებენ ერთმანეთისგან ფონოგრამას და ეთერში გასაშვებ დამუშავებულ ვიდეოს, რა დროსაც მუშავდება მათ შორის ხმაც და ხდება მონტაჟი, რა დროსაც შესაძლებელია ეთერში გამოსახულების და ხმის აცდენა; 3. არ მივიჩნევთ შესაძლებლად, მომავალში რაიმე სახით ვითანამშრომლოთ იმ პირებთან, ვინც არხი პრაქტიკულად თაღლითობაში დაადანაშაულა. შესაბამისად, “ბრავოს” ხვალინდელი ეთერიდან არხის გადაწყვეტილებით მოიხსნა პარლამენტის წევრი, ბატონი გოგა ხაჩიძე. 4. თუ რაიმე ეჭვები კიდევ არსებობს უნიჭიერესი ქალბატონი ამალიას შესაძლებლობების შესახებ, უყურეთ ოთხშაბათს “სხვა შუადღეს”.
P.S. ეს პირადად ჩემგან: მომღერალმა და არამომღერალმა ქართველმა ლუზერებმა 2 დღეც ვერ აიტანეს არსაიდან მოსული ნიჭიერი ქალის პოპულარობა. სამარცხვინო ბოღმები”, – წერს გვარამია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები