ავთანდილ კასრაძე: “იაპონურ ბიზნესთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი აერთიანებს ტექნოლოგიურ ექსპერტიზას, მაღალი ხარისხის ინოვაციას და გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმში, რომელიც საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, საქართველო–იაპონიის ბიზნეს ასოციაციასთან და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) სტამბოლის ოფისთან პარტნიორობით გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველო-იაპონიის პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ერთობლივად მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა. მან ხაზი გაუსვა იაპონიასთან თანამშრომლობის გავლენას ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის ზრდაზე.

“საქართველო დღეს ქმნის დინამიკურ ინოვაციურ ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს სტარტაპებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენი მიზანია საქართველო ჩამოვაყალიბოთ, როგორც რეგიონული ჰაბი ინოვაციებისა და ციფრული ეკონომიკისთვის. იაპონურ ბიზნესთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი აერთიანებს ტექნოლოგიურ ექსპერტიზას, მაღალი ხარისხის ინოვაციას და გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას” – აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

სიტყვით გამოსვლისას, სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე, მიმოიხილა სააგენტოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ტექნოლოგიური ტალანტების მხარდაჭერის, R&D ეკოსისტემის გაძლიერებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის კუთხით სააგენტოს მიერ განხორციელებულ აქტივობებსა თუ დაგეგმილ სტრატეგიულ პროექტებზე. ავთანდილ კასრაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეკონომიკის ყველა სექტორში ინოვაციების ინტეგრირების ფუნდამენტურ მნიშვნელობას.

ფორუმზე განხილული იყო იაპონიასა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, საქართველოს საინვესტიციო გარემო, განახლებადი ენერგია და „ერთობლივი დაკრედიტირების მექანიზმის“ (JCM) ფარგლებში მწვანე დაფინანსების შესაძლებლობები. ასევე, წარმოდგენილი იყო ინფორმაცია იმ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ და ლოჯისტიკურ პროექტებზე, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის პოზიციონირებას აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ შუა დერეფანში.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები