აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად საოჯახო სამხატვრო გალერეაში, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებს შეხვდა, – ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ მეწარმე ქალბატონებს მარტის თვის დღესასწაულები მიულოცა და გალერეაში წარმოდგენილი ხელნაკეთი ნამუშევრები დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ საოჯახო სამხატვრო გალერეა ახლახან გაიხსნა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს მუდმივად ექნებათ შესაძლებლობა განათავსონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია.
„ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ, აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გოგიტა თედორაძემ და საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმართეს.
მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას დევნილი მეწარმეების ხელშეწყობაზე და მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა დევნილი ქალი მეწარმეების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი ქალბატონები, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ქალთა კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს დევნილი ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მათი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას და ეკონომიკურ პროცესებში აქტიურ ჩართვას.
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობისა და მისი სტრუქტურების ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.