ირაკლი კობახიძე: თუ ტელეკომპანიები, „იმედი“ და „პოსტ ტვ“ გადაწყვეტენ დიდ ბრიტანეთს უჩივლონ საერთაშორისო სასამართლოში, ეს არის მათი საქმე, მე ამაში ვერ ჩავერევი

მე თვალ-ყურს ვერ ვადევნებ ტელეკომპანიებში წილების გადაფორმებას. ბუნებრივია, ინფორმაცია, რაც საჯაროდ გავრცელდა, ეს ინფორმაცია მეც მივიღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

კითხვაზე, როგორ ახსნის იმ ფაქტს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ დასანქცირებამდე რამდენიმე კვირით ადრე დატოვა მისმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ – გავრცელებული ეჭვია, რომ მას ჰქონდა ამის შესახებ ინფორმაცია, ასევე, თავისი წილი „პოსტ ტვ“-ში სხვას გადაუფორმა ვიქტორ ჯაფარიძემ, კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

„არ ვიცი, მე ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს. მე თვალ-ყურს ვერ ვადევნებ ტელეკომპანიებში წილების გადაფორმებას. ბუნებრივია, ინფორმაცია, რაც საჯაროდ გავრცელდა, ეს ინფორმაცია მეც მივიღე. თუმცა, ჩემი საქმე არ არის, ყველაფრის კომენტირება. ეს არის შესაბამისი სუბიექტების გადაწყვეტილება“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ ირაკლი რუხაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

ამასთან, კითხვაზე, „იმედისა“ და „პოსტ ტვ“-ის სანქცირების გამო აპირებენ თუ არა დიდ ბრიტანეთს უჩივლონ საერთაშორისო სასამართლოში, კობახიძემ აღნიშნა, რომ დაზარალებული მხარე არის „იმედი“ და „პოსტ ტვ“ და მოსარჩელე შეიძლება იყვნენ მხოლოდ აღნიშნული ტელეკომპანიები.

„ამაში მე ვერ ჩავერევი, თუ ტელეკომპანიები გადაწყვეტენ ამ ნაბიჯის გადადგმას, ისინი ამას გააკეთებენ. ეს არის მათი საქმე“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები