პრემიერი: მე დარწმუნებული ვარ, რომ იყო კოორდინაცია „დიფ სთეითიდან“ – ეს არ არის დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება; ევროპული ბიუროკრატიაც იმართება იგივე ხელიდან

“მე დარწმუნებული ვარ, რომ იყო კოორდინაცია „დიფ სთეითიდან“. ეს არ არის დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამ ქვეყანას. ეს იყო დიდი ბრიტანეთის ბიუროკრატიის გადაწყვეტილება. ევროპული ბიუროკრატიაც იმართება იგივე ხელიდან, რასაც პრეზიდენტი ტრამპი უწოდებს „დიფ სთეითს“. ჩვენ სხვა რამეს ვუწოდებთ, თუმცა ერთი და იმავეზე ვსაუბრობთ. ეს იყო რა თქმა უნდა კოორდინირებული გადაწყვეტილება, „დიფ სთეთის“ გადაწყვეტილება,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ დიდი ბრიტანეთის შემდეგ, სანქციები დაწესდეს აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „ეს არის დამოკიდებული თუ ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის.

„რაც შეეხება აშშ-ს, კონკრეტული ქართველი ე.წ. პოლიტიკოსები უცხოელი აგენტები მიმართავენ აშშ-ს, რომ მათ მხარი დაუჭირონ გაერთიანებულ რადიკალურ ოპოზიციას. ესეც ძალიან საინტერესოა, როდესაც „დიფ სთეითის“ ქართული აგენტურა „დიფ სთეითთან“ მებრძოლ ტრამპს მიმართავს მხარდაჭერის იმედით, ეს რბილად, რომ ვთქვათ უცნაურია.

არის გაცხადებული სურვილი, რომ დამარცხდეს „დიფ სთეითი“ აშშ-ში. ვნახოთ, თუ ეს ბრძოლა დასრულდება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გამარჯვებით, ამ შემთხვევაში სხვა მიმართულებით წარიმართება პროცესები. თუ გაიმარჯვებს „დიფ სთეითი“ ამ შემთხვევაში შეიძლება ველოდოთ სხვა განვითარებას. ჩვენ იმედს ვინარჩუნებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვებს და ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობების დალაგებას აშშ-ს და საქართველოს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები