ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, მოადგილეებთან ერთად ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ელიაწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები სოფლებში – ანში, ჭვინთასა და ელიაწმინდაში გაიმართა.

“შეხვედრებზე სოფლებში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით ძირითადი პრიორიტეტები თავად შეარჩიეს. სოფელი ანში – სანიაღვრე არხების მოწყობა, სოფელი ჭვინთაში – შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ხოლო სოფელი ელიაწმინდაში – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია გადაწყდა.

პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 ათასი ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებაც დაემატება.

დაგეგმილი შეხვედრები 18 თებერვალს დაიწყო და 9 მარტს დასრულდება. შერჩეული პრიორიტეტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები დაიწყება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები