ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სოფლების – ხატავეთის, მამხუტის, ზემო არქევანისა და ქვემო არქევანის მოსახლეობას საკრებულოს წევრებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებები, წინადადებები და მოსაზრებები მოისმინეს.
“საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მოსახლეობის ჩართულობა განსაზღვრავს, რომელი პროექტები გახდება პრიორიტეტული და რა მიმართულებით განვითარდება თითოეული სოფელი.
მოსახლეობასთან შეხვედრებში მონაწილეობდნენ: საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის”თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძე; სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძე; ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, მამხუტის თემის მაჟორიტარი რასულ ბახტიაროვი; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხაგულიშვილი; ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თურალ ვალიევი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები”,- წერია ინფორმაციაში.