მიხეილ ყაველაშვილი დებატებზე: ხელისუფლებამ თავად მოითხოვა ეს ყველაფერი და ის მზად არის, ნებისმიერ წარმომადგენელთან ჰქონდეს დებატი და დისკუსია ამა თუ იმ თემაზე. ეს გვჭირდება ჩვენ, საზოგადოებას, ეს არ სჭირდება მხოლოდ ხელისუფლებას

აუცილებელი იყო, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს პროცესები დაძრულიყო. პარლამენტში როცა გამოვდიოდი, მოვუწონე ეს გზავნილი პრემიერს, რომ დადგა დრო და ვუსმენთ ჩვენს საზოგადოებას, – განაცხადა დებატებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა”.

პრეზიდენტის თქმით, საზოგადოებამ განსხვავებული აზრიც უნდა მოისმინოს.

“მე რამდენიმე დებატს ვუყურე და იქაც გამოიკვეთა, ვინ რით სულდგმულობს, ვინ მსჯელობს პროფესიონალურად, ვის უნდა, რომ საზოგადოებას გააგებინოს თავისი, ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი. დაანახოს, რომ ჯანსაღად და პატივისცემით ეპყრობიან ერთმანეთს. ასევე მიწვეული იყო რამდენიმე ადამიანი და პირდაპირ გამოჩნდა, რომ მათი შეხედულებები, დამოკიდებულება, მსჯელობის კულტურა პოპულიზმთან იყო ძირითადად კავშირში და არა საგნობრივ კამათთან. ეს დავინახეთ, მაგრამ ეს საწყისი ეტაპია”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

 

 

 

მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის, ნებისმიერ წარმომადგენელთან ჰქონდეს დებატი ამა თუ იმ თემაზე. მანვე აღნიშნა, რომ ეს არ სჭირდება მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ეს ჭირდება საზოგადოებას.

„ხელისუფლებამ თავად მოითხოვა ეს ყველაფერი და ის მზად არის, ნებისმიერ წარმომადგენელთან ჰქონდეს დებატი და დისკუსია ამა თუ იმ თემაზე. ეს გვჭირდება ჩვენ, საზოგადოებას, ეს არ სჭირდება მხოლოდ ხელისუფლებას. ეს არის ჯანსაღი საზოგადოებისთვის, ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ვინ რა პოლიტიკური გემოვნების არ უნდა იყოს. ეს ხომ ელემენტარული უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს. როგორ შეიძლება, ადამიანი შეურაცხყოფას გაყენებდეს და რა საკითხზე უნდა ისაუბრო მასთან? როცა გამცირებს, როგორ შეიძლება, რამე თემაზე გქონდეს დებატი, ეს ხომ შეუძლებელია? იმსახურებს თუ არა დისკუსიას ჩვენი საზოგადოება? ჩვენ ჩავთვალეთ, რომ დაგვიანებულიც არის დებატები, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს, დროც არის და პასუხისმგებლობაც არის ხელისუფლების, რომ ეს პროცესები დაიწყო. რა თქმა უნდა, პირველი გადაცემები ისეთი ვერ იქნება, მაგრამ მე ვნახე რამდენიმე გადაცემა და უმჯობესდება. ძალიან კარგი იყო მაგალითად, „რუსთავი 2″-ზე გუშინდელი გადაცემა, თითქმის პროფესიონალების თავშეყრა იყო სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება იღებს სრულყოფილ ინფორმაციას და არჩევანიც არ გაუჭირდება”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ როდესაც პოლიტიკოსი არ იყენებს შესაძლებლობას პირდაპირ ეთერში ესაუბროს საზოგადოებას, ესე იგი მას სხვა დღის წესრიგი აქვს და ესეც მილევადია.

„წარმოიდგინეთ, რა სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ თავს. პოლიტიკოსი რომ გქვია, შესაძლებლობა გეძლევა ნებისმიერ სივრცეში, საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ესაუბრო და ამ შანსს არ იყენებ, ხომ სხვა დღის წესრიგი აქვთ? გარედან რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. ჩვენ ხომ ვნახეთ, როგორ ემსახურებოდნენ გარედან დაკვეთებს, შარლ მიშელიდან დაწყებული, ვის საფარქვეშ არ იყო ეს ხალხი და დღემდე ასე არიან. მეცოდებიან, მაგრამ მილევადია. ძალიან კარგი პროცესი დაიწყო, ქვეყანა ვითარდება”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები