გიორგი სვანიძე: თითოეული მოსაზრება ფასეულია და ყველა გადაწყვეტილება ადამიანებზე ზრუნვას უნდა ემსახურებოდეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობას შეხვდა. „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ამჯერად კონსულტაციები ტანძიის, სენების, ბერთაკარისა და იწრიას მოსახლეობასთან გაიმართა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი სვანიძემ ისაუბრა პროგრამის მნიშვნელობაზე და მოსახლეობის აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე. შეხვედრები წარიმართა  დიალოგის ფორმატში მოისმინეს ადგილობრივების საჭიროებები და ერთობლივად იმსჯელეს მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებზე.

„თითოეულ სოფელში გულწრფელი საუბარი გვქონდა, მოვისმინეთ ადამიანების ყოველდღიური საჭიროებები, მათი აზრები და სურვილები იმ პროექტებზე, რომლებიც წელს უნდა განხორციელდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს შეხვედრები, რადგან უშუალო საუბარი მოსახლეობასთან გვაძლევს შესაძლებლობას უკეთ გავიგოთ მათი გამოწვევები და ერთად მოვძებნოთ გამოსავალი. თითოეული მოსაზრება ფასეულია და ყველა გადაწყვეტილება ადამიანებზე ზრუნვას უნდა ემსახურებოდეს.“- განაცხადა გიორგი სვანიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ: საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძე; სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძე; ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე, ტანძიის მაჟორიტარი შერმადინ დადვანი; ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, აკაურთის თემის მაჟორიტარი ფარუხ სარიევი ; ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თურალ ვალიევ და  თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები