დავით ქართველიშვილი უცხოელების დასაქმების რეგულაციაზე: ეს არის უსაფრთხოების და შიდა შრომითი ბაზრის დაცვის პოლიტიკა და არა უცხოელებისთვის რეჟიმის გამარტივება, და მით უმეტეს მათი ქვეყანაში „ჩამოყვანის” სტიმულირება
ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის გარეშე მქონე პირების დასაქმების პროცესის რეგულაციის შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, რეგულაცია, რომელიც რამდენიმე დღეში ამოქმედდება, ერთჯერადი ნაბიჯი არ არის.
ქართველიშვილი წერს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გამკაცრდა მიგრაციული პოლიტიკა და დაინერგა მკაფიო მექანიზმები არალეგალური საქმიანობის წინააღმდეგ.
„2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში ამოქმედდება ახალი, გამკაცრებული წესები უცხოელებისთვის, რომლებიც ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის გარეშე მუშაობენ. ამიერიდან, მხოლოდ ქვეყანაში ყოფნა აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ უცხოელმა ლეგალურად იმუშაოს, მან უნდა მიიღოს შრომითი საქმიანობისთვის სპეციალური ნებართვა, რომელიც დაკავშირებულია ბინადრობის სტატუსთან. ეს წესი ვრცელდება ყველაზე, ვინც საქართველოში იღებს შემოსავალს – დასაქმებულებზე, თვითდასაქმებულებზე და მეწარმეებზე.
ნებართვის გარეშე მუშაობა ითვლება დარღვევად და იწვევს ჯარიმებსა და სხვა სანქციებს. ამასთან ერთად, მთავრობამ პირდაპირ აკრძალა მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელებისთვის კურიერის პოზიციაზე საქმიანობა, ტაქსით მგზავრთა გადაყვანა და გიდის მომსახურება. აკრძალვა ვრცელდება როგორც დასაქმებაზე, ასევე სამეწარმეო საქმიანობაზე ამ სფეროებში. გამონაკლისი ძალიან შეზღუდულია (მაგალითად, მთის/სათხილამურო გამყოლები), თუმცა ეს უკვე ცალკე ლიცენზირების რეჟიმში ექცევა.
ეს გადაწყვეტილება ერთჯერადი ნაბიჯი არ არის. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გამკაცრდა მიგრაციული პოლიტიკა: გაძლიერდა კონტროლი უცხოელთა დასაქმებაზე, გაიზარდა პასუხისმგებლობა როგორც დამსაქმებლებისთვის, ისე თავად მიგრანტებისთვის, და დაინერგა მკაფიო მექანიზმები არალეგალური საქმიანობის წინააღმდეგ. ის უცხოელები, რომლებიც უკვე მუშაობენ ქვეყანაში, ვალდებულნი არიან განსაზღვრულ ვადებში დაარეგულირონ როგორც შრომითი ნებართვა, ისე ბინადრობის სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ყოფნა საქართველოში უკანონოდ ჩაითვლება.
ამ ფონზე სასაცილოა ორივე ფლანგის რადიკალური ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლების მისამართით – „ლიბერალური მიგრაციული პოლიტიკის” შესახებ. რეალურად, მიმდინარე ცვლილებები მიუთითებს მკაფიო კურსზე – შრომითი ბაზრის კონტროლის, უცხოელთა საქმიანობის ლიცენზირებისა და არალეგალური მიგრაციის შემცირების კუთხით. ეს არის უსაფრთხოების, ეკონომიკური სტაბილურობისა და შიდა შრომითი ბაზრის დაცვის პოლიტიკა და არა უცხოელებისთვის რეჟიმის გამარტივება, და მით უმეტეს მათი ქვეყანაში „ჩამოყვანის” სტიმულირება,” – წერს დავით ქართველიშვილი.