თენგიზ შარმანაშვილი – “ნამახვანჰესის” საქმეზე: ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდა ჩვენი თავის მობილიზებისთვის, რომ ასეთი დიდი ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაგვეწია

“ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდა ჩვენი თავის მობილიზებისთვის, რომ ასეთი დიდი ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაგვეწია,”- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა “ნამახვანჰესის” საქმეზე საუბრისას განაცხადა.

“მაშინ სახელმწიფომ ვერ შეძლო, არ არსებობდა ძალები, არ არსებობდა შიდა პოლიტიკური რესურსიც, ამაზე პრემიერმა არაერთხელ ისაუბრა. ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდა ჩვენი თავის მობილიზებისთვის, რომ ასეთი დიდი ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაგვეწია. იმ ადამიანებმა და მათმა დამქაშებმა, რომლებსაც არ აწყობთ საქართველოს ეკონომიკური განვითარება, რომელთაც არ აწყობთ, რომ საქართველოს ეკონომიკური ან ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ჰქონდეს, ამას დიდი მტრობა გაუწიეს. მაშინ ხალხს ეგონა, რომ ეს მართლა ეკოლოგიური პრობლემებით იყო გამოწვეული. გინახავთ ეს ხალხი სხვა თემებზე გამოსული ამ წლების განმავლობაში? აქედან ჩანს, რომ იმათ საერთოდ არ აინტერესებთ ეს თემები. მათთვის მთავარი იყო ეს შეფერხება. ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. ამ ადამიანებს, მომავალში არაფერს აღარ დავუთმობთ”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, კომპანია “ენკას” სარჩელზე პარიზის სააპელაციო სასამართლომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება აღიარა და საქართველოს 400 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

სასამართლომ, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები