მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელის ბიუროკრატიაში არ არის იმის მზაობა, რომ  სწორად იყოს გაგებული, თუ რას აკეთებს საქართველო, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება

„ბრიუსელის ბიუროკრატიაში არ არის იმის მზაობა, რომ  სწორად იყოს გაგებული, თუ რას აკეთებს საქართველო, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. პირიქით, იქ დღეს არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს საკითხს იყენებენ ძალიან ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, რომელშიც არ შედის ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოება და სტაბილურობა“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხარო რეალობაა ის, რომ გარკვეული ძალები, მათ შორის ბრიუსელის ბიუროკრატიაში, რომლებსაც საქართველო არ სჭირდებათ სტაბილურობისთვის და სტაბილურობის ხიდად არ ხედავენ მას.

„ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის, პირველ რიგში, უსაფრთხოების და სტაბილურობის დაცვას, სწორედ პოლიტიკური პროცესების დაცვით გარე ჩარევებისგან, ეს არის ის სწორი გზა, რაც შეიძლება ქვეყნის პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ გააკეთოს საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ეს გზა რამდენად მოსწონთ იმ ადამიანებს, რომელთანაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ეს ყველაფერი, ბუნებრივია მათ არ მოეწონებათ. ბუნებრივია, ეს კრიტიკა იქნება. ბუნებრივია, ამას არ დაინახავს არავინ როგორც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და გარე ჩარევების შიდა პოლიტიკაში აღმოფხვრისთვის გადადგმულ ნაბიჯებს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კიდევ იქნება მცდელობები, რომ ეს ყველაფერი წარმოაჩინონ დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელებად, ზურგშექცევის პოლიტიკის გაგრძელებად.

„რამდენჯერ შეიძლება შევაქციოთ ევროპას ზურგი, წარმოუდგენელია როგორც ხედავენ და როგორც ცდილობენ რომ დაინახონ მარტივი რამ, ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებების განხორციელება, რომელიც ემსახურება ქვეყნის სტაბილურობას, ქვეყნის უსაფრთხოებას. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომელშიც მოქმედებს დღეს საქართველოს ხელისუფლება და სულაც არ არის მისი დანახვა და გაგება ასეთი რთული, როგორიც ჩანს ბრიუსელის გარკვეული კაბინეტებიდან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები