„განათლების სამინისტროს კანონში ცვლილებების მომზადებისას არასამთავრობოთა შენიშვნები არ გაუთვალისწინებია“

„საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსი“ განათლების სამინისტროსგან ზოგადი განათლების შესახებ კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შეჩერებას მოითხოვს. როგორც საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის თანათავმჯდომარემ დავით ლაგვილავამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განმარტა, აღნიშნული მუხლი ყველა პედაგოგს 2014 წლის ბოლომდე სერტიფიცირებას ავალდებულებს.
ლაგვილავა პედაგოგთა შეფასების ფორმასაც ეწინააღმდეგება. მისი თქმით, კითხვებს ბადებს ის, რომ მასწავლებელთა შეფასების პროცესში ჩართულები იქნებიან კონკრეტული სუბიექტები. მისი განცხადებით, რაც არ უნდა იდეალური კრიტერიუმები იყოს, როდესაც სუბიექტი მას აფასებს, ეს უკვე სუბიექტური შეფასებაა.
„ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რატომღაც ცდილობს, მოხდეს გაიგივება, რომ ვიღაცა ეწინააღმდეგება ცვლილებებს. ჩვენ ვემხრობით ცვლილებებს, ოღონდ ეს ცვლილებები სისტემის გაჯანსაღებას უნდა ემსახურებოდეს. ჩვენ მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს, რომ მოხდეს ზოგადი განათლების კანონში 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შეჩერება, გადავადება, ან გაუქმება. ეს პუნქტი ავალდებულებს პედაგოგებს, რომ 2014 წლის ბოლომდე უნდა აუცილებლად სერტიფიცირებულები იყვნენ და ამის შემდეგ მოხდეს პილოტირება. სქემის დახვეწის შემდეგ კი დაკანონდეს. სქემის მიხედვით მასწავლებელთა შეფასების პროცესში ერთვება სუბიექტი. ბუნებრივია, როდესაც კონკრეტული პიროვნება გარკვეული ნიშნით აფასებს, რაც არ უნდა იდეალური კრიტერიუმები იყოს, ეს მაინც სუბიექტური შეფასება იქნება. შეფასება ვერ იქნება ობიექტური, თუ ის თვლად კრიტერიუმებზე არ არის დამყარებული “,- განაცხადა დავით ლაგვილავამ.
ლაგვილავას განცხადებით, ამ დრომდე განათლების სამინისტროს არ გაუთვალისწინებია არასამთავრობო ორგანიზაციათა შენიშვნები. ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე შემდეგი მოსმენა მომავალ კვირას, სამშაბათს შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები