ირაკლი კობახიძე – გვაქვს ძალიან მკაფიო ამოაცანა, რომ რამდენიმე წელიწადში გავანულოთ საქართველოში უკანონო მიგრაცია, წლევანდელი სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 უკანონო მიგრანტის გაძევება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ რამდენიმე წელიწადში მთლიანად აღმოვფხვრათ საქართველოში უკანონო მიგრაციის პრობლემა
ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოაცანა, რომ რამდენიმე წელიწადში გავანულოთ საქართველოში უკანონო მიგრაცია, წლევანდელი სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 უკანონო მიგრანტის გაძევება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ რამდენიმე წელიწადში მთლიანად აღმოვფხვრათ საქართველოში უკანონო მიგრაციის პრობლემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ციფრები არის მნიშვნელოვანი საფუძველი დასკვნების გაკეთებისთვის.
„ციფრები არ მოსწონს ტრადიციულად ოპოზიციას, ამ დროს ციფრებში არის გამოხატული სინამდვილე. ციფრები აჩვენებს იმას, თუ რა მდგომარეობა გვაქვს. მე მოვიტანე აქ ის ციფრები, რომლებიც კონკრეტული მიმართულებით უარყოფით სინამდვილეზე მიანიშნებს, მაგრამ არის ციფრები, რომლებიც ადასტურებს, რომ ის სპეკულაციური განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმოდა მიგრაციასთან დაკავშირებით, არაბიზაციასთან დაკავშირებით, იყო თავიდან ბოლომდე სპეკულაციები და არ ჰქონდა არავითარი საფუძველი. ციფრები ადასტურებს ამას. როგორც ციფრები ადასტურებს იმას, რომ შობადობის კუთხით გვაქვს მძიმე ტენდენციები, ასევე ციფრები ადასტურებს იმას, რომ საქმე ისე არაა, როგორც რადიკალური ოპოზიცია ამ ყველაფერზე საუბრობდა. ციფრები არის მნიშვნელოვანი საფუძველი დასკვნების გაკეთებისთვის და ამიტომ ვისაუბრე ფართოდ შესაბამის მონაცემებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მართვის უუნარობას და პასუხისმგებლობის არიდებას, ჩვენ ზუსტად ჩვენი მხრიდან ვაინიცირებთ შესაბამის საკითხებს, ოპოზიციის მხრიდან ინიციატივებიც არ მოდის, ვგულისხმობ რადიკალურ ნაწილს პარლამენტის შიგნით, თუ პარლამენტის გარეთ. არავითარი ინიციატივები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. თუ რაიმე არის ფორმალურად ინიციატივა, არაფერს არ აქვს რეალურად არგუმენტირებული საფუძველი. ჩვენ გამოვდივართ ისევ ინიციატივებით და ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა უკავშირდებოდა სწორედ მიგრაციის საკითხებს და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტს შესაბამისი კანონის მიღებისათვის. კანონი არის საფუძველი სწორი პოლიტიკის გატარებისთვის. ჩვენ უკვე ყველამ ერთად მივიღეთ შესაბამისი ზომები, რაც ქმნის საფუძველს საემიგრაციო პოლიტიკის დახვეწისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა. არათუ თავს ვარიდებთ პასუხისმგებლობას, არამედ პირიქით, ჩვენ თავად ვსაუბრობთ პროაქტიულად ჩვენს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და გამოვდივართ კონკრეტული ამოცანით, რომ რამდენიმე წელიწადში გავანულოთ საქართველოში უკანონო მიგრაცია და როგორც უკვე ითქვა, წლევანდელი სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 უკანონო მიგრანტის გაძევება, რაც მოგვცემ იმის საშუალებას, რომ რამდენიმე წელიწადში მთლიანად აღმოვფხვრათ საქართველოში უკანონო მიგრაციის პრობლემა. ამას ემატება სხვა ზომები, როგორიც არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება, კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად დახვეწა და ა.შ. არათუ თავს ვარიდებთ პასუხისმგებლობას, არამედ პირიქით, ჩვენ თავად ვსაუბრობთ იმ პასუხისმგებლობაზე, რომლითაც უნდა ვიმოქმედოთ შემდეგი წლების განმავლობაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.