„არა მხოლოდ აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიის წინაშე ვდგავართ“

 

   „უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა დროეული და საჭირო იყო. მივესალმები, რომ სახელისუფლებო შტოებს შორის ფორმალური კონსოლიდაციის დაფიქსირება, მინიმუმ, აფხაზეთთან დაკავშირებით მაინც მოხერხდა. არ მჯერა, რომ ეს გულწრფელი ერთიანობაა, თუმცა, ეს ის საკითხია, როცა ფორმალური ერთსულოვნებაც კი მნიშვნელოვანია“, – აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნინო კალანდაძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
როგორც კალანდაძემ აღნიშნა, არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხის წინაშე ვდგავართ და ხელისუფლებას რეკომენდაციებიც შესთავაზა: „პრაქტიკულად, ვდგავართ არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიის წინაშეც, ვინაიდან, ცხინვალის რეგიონის მხრიდან დაფიქსირდა მზაობა, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი „ინტეგრაციის ხელშეკრულება“ მათთანაც გაფორმდეს. ეს არის დე ფაქტო ანექსია და სხვა არაფერი“, – აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები უნდა ვაიძულოთ, რუსეთზე ზეწონა განახორციელონ: „ძალიან მცირე ბერკეტი გაგვაჩნია, რომ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებას წინ აღვიდგეთ. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, საზოგადოებრივი ერთსულოვნებაა. რომ ამით მაქსიმალური „ზეწოლა“ განვახორციელოთ დასავლელ პარტნიორებზე, რომ მათაც მაქსიმალური „ზეწოლა“ განახორციელონ პუტინის რუსეთზე. ეს არის ერთადერთი გზა, რისთვისაც საჭიროა საზოგადოებრივი და სახელისუფლებო შტოების ერთსულოვნება. ერთსულოვნება მხოლოდ უშიშროების საბჭოს შეკრებით არ ფიქსირდება.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები