პრემიერი – უნივერსიტეტები არ უნდა შედიოდნენ პოლიტიკურ პროცესებში, მათი სურვილი უნდა იყოს საგნობრივი მსჯელობა ყველა თემაზე, რაც მე პირადად შევთავაზე ილიას უნივერსიტეტის რექტორს და ორ დღეში საპროტესტო აქცია გამართეს უშუალოდ ხელმძღვანელობის ლიდერობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება, ასეთი დამოკიდებულებით პროცესები სწორი მიმართულებით ვერ განვითარდება
მე ვერ ვიგებ ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასეთ დროს პოლიტიკური განცხადებებით არ შეიძლება გამოდიოდეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, არ შეიძლება უნივერსიტეტი იყოს პოლიტიზებული, არც კერძო და არც სახელმწიფო.
„რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტს, მე ვერ ვიგებ ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას, რაზეც ყურადღება გავამახვილე, მათ შორის, დებატების დროს. ილიას უნივერსიტეტი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასეთ დროს პოლიტიკური განცხადებებით არ შეიძლება გამოდიოდეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, მითუმეტეს ხომ. ზოგადად, არ შეიძლება პოლიტიზებული იყოს არც ერთი უნივერსიტეტი არც კერძო, არც სახელმწიფო, მაგრამ, მაგალითად, როდესაც გამოდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და საუბრობს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ” შექმნა კონცეფცია, ანუ ზუსტად იმავე ლექსიკას მიჰყვება, რასაც მიჰყვება რადიკალური ოპოზიცია, შეიძლება ასეთ რამეს აკეთებდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა? ისინი არ უნდა შედიოდნენ პოლიტიკურ პროცესებში. მათი სურვილი უნდა იყოს საგნობრივი მსჯელობა ყველა თემაზე, რაც მე, პირადად, შევთავაზე უნივერსიტეტის ხელმძღვანელს, უნივერსიტეტის რექტორს და ორ დღეში წავიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს უშუალოდ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ლიდერობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება. ასეთი დამოკიდებულებით პროცესები სწორი მიმართულებით ვერ განვითარდება. ჩვენ გვაქვს კონცეფცია, ეს კონცეფცია ეფუძნება კონკრეტულ არგუმენტებს. დებატებიდან ალბათ ნახავდით, რომ ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ კონცეფციის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. ძალიან მარტივად, რა განსხვავებაა დასკვნასა და არგუმენტს შორის – დასკვნას არსებითად დაესმის კითხვა – „რა?” „რა” – გავიგეთ, ფიქრობენ იმას, რომ არ მოსწონთ კონცეფცია. რაც შეეხება არგუმენტებს, არგუმენტს დაესმის კითხვა – „რატომ?” და ეს რატომ ვეღარ გავიგეთ. არ მოსწონთ გავიგეთ, მაგრამ რატომ არ მოსწონთ ვერ გავიგეთ. შესაბამისად, ასეთ პირობებში დისკუსიის გაგრძელებას აზრი არ აქვს. როდესაც ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოგაქვს კონცეფციის წინააღმდეგ, კონცეფციის კონკრეტული პუნქტების წინააღმდეგ, ორი საათი გქონდა ამის შესაძლებლობა და ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიტანე, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია დისკუსიის წარმოება. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი უნივერსიტეტის შემთხვევაში, იქნება ეს თსუ, ტექნიკური, ილიას უნივერსიტეტი, სამედიცინო, კერძო უნივერსიტეტები, ნებისმიერი უნივერსიტეტის შემთხვევაში, მზად ვართ, მოვისმინოთ არგუმენტები, შევიდეთ ჯანსაღ დისკუსიაში, თუ ამის მზაობას დავინახავთ,”- აღნიშნა პრემიერმა.