ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა
“საია ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა. ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა საია-ს სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საიას შეუძლია სასამართლოს ნებისმიერ საკითხზე მიმართოს.
„მათ შეუძლიათ ნებისმიერ რაღაცაზე მიმართონ სასამართლოს. ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, რომ სასამართლოში წახვიდე და შესაბამის განაჩენს დაელოდო. რაც შეეხება ზღაპრებს მოწამვლასთან და ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამასთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარა. პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაც ძალაშია – ნებისმიერ დაინტერესებულ საერთაშორისო აქტორს შეუძლია ჩამობრძანდეს და ჩვენ მივაწვდით ყველა საგამოძიებო მასალას, რათა თავიანთი დასკვნა დადონ, თუმცა დღემდე გამოხმაურება არ ყოფილა. რაც შეეხება საია-ს, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ. ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა საია,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით, საია სამართალწარმოებას იწყებს.