სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში 23 დევნილი ოჯახისთვის კერძო სახლები შეისყიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ბოლნისში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში 23 დევნილი ოჯახისთვის კერძო სახლები შეისყიდა, აქედან 9 სახლი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, დევნილებს საშუალება ჰქონდათ, 20 000 ლარის ფარგლებში, სახლები სურვილის მიხედვით თავად შეერჩიათ.
მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა მეშველიანი კერძო სახლებში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრნენ და მათი საცხოვრებელი პირობები მოინახულეს.
სოხუმიდან დევნილ ნიკოლოზ გიორბელიძის ოჯახს წლების განმავლობაში საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა 12-ჯერ მოუხდა, მათ ორსართულიანი კერძო სახლი საკარმიდამო ნაკვეთით ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეარჩიეს. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სამინისტრომ გიორბელიძეების ოჯახისათვის სახლი შეისყიდა.
მინისტრის განცხადებით, დევნილების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პარალელურად, მნიშვნელოვანია შემოსავლის წყაროების გაჩენა და მათი დასაქმება.
“მთელს საქართველოში დავდივარ ჩემს გუნდთან ერთად და უშუალოდ ვსწავლობთ ყველა დევნილის თუ ეკომიგრანტის პრობლემას, რომ ზუსტად ვიცოდეთ, სად რა საჭიროებები და პრობლემებია. ბუნებრივია, ყველა პრობლემა ერთბაშად ვერ გადაწყდება, მაგრამ მთლიანობაში ეს გეგმა უნდა შედგეს. ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც გაჩერებული იყო წლების განმავლობაში, უკვე დავძარით. ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც აქტიურად ავამუშავეთ, არის სოფლად სახლის შეძენის პროგრამა. 20 000 ლარის ფარგლებში ადამიანები, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მონაცემებს, თავად პოულობენ სახლს და ჩვენ ვეხმარებით ამ სახლის ყიდვაში და გაფორმებაში. ზოგჯერ შეიძლება სახლი უფრო ძვირი ღირდეს, ამ შემთხვევაში მსურველს შეუძლია თავად დაამატოს თანხა. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაც დავისახეთ, დევნილთა და ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან ერთად, არის მათი შემოსავლის წყაროების გაჩენა, მათი დასაქმება. ხელს შევუწყობთ არა მხოლოდ სახლის შეძენაში, არამედ შემდგომ მეურნეობის განვითარებაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ბოლნისში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ყოფილი ბაღის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები