ვაშინგტონი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრიუმფალური თაღის აშენებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის აშენებას გეგმავს, რომელიც, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი და დედაქალაქში სიმაღლით მეორე შენობა გახდეს,- ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
წყაროს თქმით, ახალი ტრიუმფალური თაღი, რომელსაც შესაძლოა „დამოუკიდებლობის თაღი“ ეწოდოს, 50 მეტრზე მეტი სიმაღლისა და 50 მეტრი სიგანის იქნება.
გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს 7,5 მეტრის სიმაღლის კვარცხლბეკს, ხოლო ძეგლს დაახლოებით 18 მეტრის სიმაღლის თავისუფლების ქანდაკების მოოქროვილ ბრინჯაოს რეპლიკას დაადგამენ. თაღის საერთო სიმაღლე 76 მეტრს გადააჭარბებს.
მედიის ცნობით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვაშინგტონში მდებარე ნაგებობა გადააჭარბებს მეხიკოში მდებარე რევოლუციის მონუმენტს, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მაღალია.
“თაღი არა მხოლოდ ვაშინგტონში, არამედ მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობად იქცევა“, – განუცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა დევის ინგლმა CNN-ს.
ოფიციალური პირის თქმით, დიზაინი ამჟამად საბოლოო ეტაპზეა და შემდეგ დასამტკიცებლად ეროვნული მეტროპოლიტენის დაგეგმარებისა და სახვითი ხელოვნების კომისიას წარედგინება.
ძეგლის აშენება არლინგტონის მემორიალურ ხიდთან ახლოს იგეგმება, რომელიც აბრაამ ლინკოლნის მემორიალსა და არლინგტონის სასაფლაოს აკავშირებს.