იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს
იაპონიაში გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მმართველმა, ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ (LDP), წარმომადგენელთა პალატაში ადგილების ორი მესამედი მოიპოვა.
მედიისა და საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, LDP-მ ქვედა პალატაში 465 ადგილიდან საკმარისი მანდატები მიიღო, რაც მას საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად ან კოალიციურ პარტნიორებთან ერთად, კონსტიტუციური უმრავლესობა შეინარჩუნოს.
სანაე ტაკაიჩის საარჩევნო კამპანია ყურადღებას მემარჯვენე ეკონომიკურ რეფორმებზე, გადასახადების შემცირებაზე, იმიგრაციის წესების გამკაცრებაზე, სამხედრო ხარჯების გაზრდასა და ჩინეთის მიმართ უფრო მტკიცე პოლიტიკაზე ამახვილებდა.
სანაე ტაკაიჩი, როგორც იაპონიის პირველი ქალი ლიდერი, პრემიერმინისტრად გასული წლის ოქტომბერში აირჩიეს და მისი მხარდაჭერის მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ს აღწევს.
მმართველი პარტიის ლიდერმა და პრემიერ-მინისტრმა არჩევნების შედეგებს ამომრჩევლის მხრიდან მთავრობის პოლიტიკის მხარდაჭერა უწოდა და აღნიშნა, რომ კაბინეტი რეფორმებისა და უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.
ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგებზე კომენტარისას განაცხადეს, რომ მთავრობის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლს გააძლიერებენ.
საბოლოო შედეგების გამოცხადება იაპონიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უახლოეს საათებშია მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს სანაე ტაკაიჩიმ პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და პალატის რიგგარეშე არჩევნები ჩანიშნა, რომლებიც 8 თებერვალს ჩატარდა.