პორტუგალიის პრეზიდენტად ანტონიო ხოსე სეგურო აირჩიეს

პორტუგალიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მარცხენე-ცენტრისტმა კანდიდატმა, ანტონიო ხოსე სეგურომ მოიპოვა. ოფიციალური მონაცემებით, სეგურომ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით ორი მესამედი, 66.7% მიიღო.

არჩევნების მეორე ტური 8 თებერვალს გაიმართა. სეგუროს მთავარი მეტოქე მემარჯვენე-პოპულისტი კანდიდატი ანდრე ვენტურა იყო, რომელმაც ხმების დაახლოებით ერთი მესამედი მოიპოვა.

ანტონიო ხოსე სეგურო პორტუგალიური სოციალისტური პარტიის წარმომადგენელია და ქვეყნის პოლიტიკაში ზომიერი პოზიციებით არის ცნობილი. მისმა კანდიდატურამ ფართო მხარდაჭერა მოიპოვა როგორც მემარცხენე, ისე ცენტრისტ ამომრჩევლებში.

პორტუგალიის პრეზიდენტის თანამდებობა ძირითადად წარმომადგენლობითია, თუმცა სახელმწიფოს მეთაურს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლებამოსილებები აქვს, მათ შორის პარლამენტის დაშლისა და კანონებზე ვეტოს დადების შესაძლებლობა.

ხოსე სეგურო კონსერვატორ პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუზას შეცვლის. ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად უახლოეს კვირებში დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები