“შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები” – პაპუაშვილი
“შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შევხვდი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ლაზარ კომანესკუმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ BSEC-ის დაარსებიდან მოყოლებული, საქართველო, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, ყოველთვის აქტიურად ერთვება და ღირებული წვლილი შეაქვს ორგანიზაციის საქმიანობაში.
“შეხვედრაზე ხაზი გაესვა BSEC-ისა და ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საქართველოს თავმჯდომარეობის მნიშვნელობას, როგორც ორგანიზაციის საქმიანობის შემდგომი განვითარების კარგ შესაძლებლობას.
ლაზარ კომანესკუმ ისაუბრა BSEC-ის მიერ ახალი პროექტების დაგეგმვა-განხორციელების საკითხზე, მათ შორის, ბიზნეს წრეების ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე, შესაძლო ერთობლივ კვლევით პროექტებზე, განსაკუთრებით დაკავშირებადობის მიმართულებით.
შეხვედრაზე, ასევე, განვიხილეთ საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.
აღინიშნა, რომ მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი და ამ პროცესში მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება”, – წერს პაპუაშვილი.