თბილისში აჭარის ტელევიზიის ბიურო დახურეს
თბილისში აჭარის ტელევიზიის ბიურო დახურეს – ამის შესახებ „კვირას“ აჭარის ტელევიზიის ბიუროს საინფორმაციო ხელმძვანელმა პაატა შამუგიამ განუცხადა. შამუგიას თქმით, მას თბილისის ბიუროს გაუქმების შესახებ ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა ფოსტის საშუალებით შეატყობინა.
„თბილისის ბიუროს გაუქმების შესახებ ინფორმაცია პირადი ფოსტის საშუალებით შეგვატყობინეს. ბრძანებაში მიზეზად წერია, რომ ბიუროს გაუქმება ადამიანური რესურსის შემცირებისა და ეკონომიის მიზნით განხორციელდა. ამ ბრძანებას ხელს აწერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი სოსო სტურუა. რაც შეეხება აჭარის ტელევიზიისთვის მოსამზადებელ სიუჟეტებს, ამას საზოგადოებრივი მაუწყებელის კორესპონდენტები მოამზადებენ“, – აღნიშნა პაატა შამუგიამ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თბილის ბიურო 10 წელია მოქმედებს. ბიუროში ექვსი თანამშრომელი მუშაობდა, რომელიც დღეიდან უმუშევარი დარჩა.