ზელენსკი: აშშ-უკრაინის უსაფრთხოების შეთანხმება მზადაა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვაშინგტონსა და კიევს შორის უსაფრთხოების შეთანხმება ხელმოწერისთვის მზადაა, თუმცა უკრაინის აღდგენის შესახებ შეთანხმება ჯერ არ არის ბოლომდე მიღწეული.
მისი თქმით, კიევი ელოდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გარანტიების შეთანხმების ხელმოწერის თარიღისა და ადგილის დანიშვნას.
“ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები მართლაც მზადაა. და შეთანხმება ხელმოწერისთვის მზადაა. ახლა მე ველოდები პრეზიდენტ ტრამპის მიერ თარიღისა და ადგილის დანიშვნას. ეს მასზეა დამოკიდებული; ჩვენ მზად ვართ ხელის მოსაწერად. ჩვენ დავასრულეთ უსაფრთხოების გარანტიები, სულ ესაა. ვიმეორებ, ამერიკულმა მხარემ უნდა გადაწყვიტოს, სად და როდის იქნება მზად [ხელმოწერისთვის]” – განაცხადა ზელენსკიმ.