აშშ-ის სამხედრო ჯგუფის წარმომადგენლებმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცეს

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ის სამხედრო ჯგუფის (U.S. Military Group) წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 234 150 აშშ დოლარის ღირებულების სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცეს.

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა აშშ-ის სამხედრო ჯგუფის დელეგაციას და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უმასპინძლეს და მათთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის სამხედრო ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ენდრიუ ანდერვუდი, სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერი – მაიორი ალეკ ჰარისონი.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გადმოცემული სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს მეხანძრე-მაშველების ოპერატიულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიან რეაგირებას.

დელეგაციის წევრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრის შენობაც დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესის სპეციფიკას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები