ნიუ-იორკში ექთნების ყველაზე მასშტაბური გაფიცვა დაიწყო(ფოტო)

ნიუ-იორკში 15 000-მდე ექთანი გაიფიცა. შედეგად, მუშაობა შეაჩერა ქალაქის სამმა უდიდესმა კერძო საავადმყოფომ, ესენია – მაუნთ სინაი, მონტეფიორე და ნიუ-იორკ-პრესბიტერიანული.

პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალი შრომითი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა.

ექთნები აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაცია სამუშაო პირობების გაუარესებას ცდილობს, მათ შორის, სამედიცინო შეღავათების შესაძლო შემცირებას და პერსონალის სტანდარტების გადახედვას, რაც პირდაპირ კავშირშია პაციენტის უსაფრთხოებასთან.

პროფკავშირები აღნიშნავენ, რომ მენეჯმენტი ცდილობს შეამსუბუქოს ექთან-პაციენტის მინიმალური თანაფარდობის მოთხოვნები.

2021 წელს ნიუ-იორკის შტატმა მიიღო კანონი, რომელიც საავადმყოფოებს ავალდებულებს, შექმნან სპეციალური კომიტეტები თითოეული განყოფილებისთვის, პერსონალის სტანდარტების დასადგენად. კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებმა უნდა შეინარჩუნონ ერთ ექთანზე არაუმეტეს ორი პაციენტის თანაფარდობა.

როგორც საერთაშორისო მედია აღნიშნავს, გაფიცვა ჯანდაცვის დაწესებულებებში უსაფრთხოების შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე მიმდინარეობს.

ექთნები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი მოთხოვნები არა მხოლოდ სამუშაო პირობებს, არამედ სამედიცინო მომსახურების ხარისხსაც ეხება. მათი თქმით, პაციენტთა უსაფრთხოებისა და მთელი ჯანდაცვის სისტემის მდგრადობისთვის აუცილებელია საკმარისი პერსონალის დაკომპლექტება და სოციალური გარანტიების შენარჩუნება.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, ეს პროტესტი ქალაქის ისტორიაში სამედიცინო პერსონალს შორის ყველაზე მასშტაბური გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები