არჩილ გორდულაძე – ე.წ. კამიტით მოწამვლის თემაზე: ნიკა გვარამია საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელების და ჟურნალისტიკის დასამარების მცდელობის ერთ-ერთი უმთავრესი ავტორია – საინტერესოა, რომ ზუსტად სიცრუის გამავრცელებელი დგას იმ კამპანიის უკან, რომელსაც ყველანი ვხედავთ

“ყველაზე საინტერესო ის არის, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვისი წარმოებულია, ეს არის ნიკა გვარამია, პატიმრობაში მყოფი პირი, რომელიც გამოიყენეს ამ კამპანიის დასაორგანიზებლად,” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ე.წ. „კამიტის საქმეზე“ საუბრისას განაცხადა.

არჩილ გორდულაძის განცხადებით, „კამიტის საქმის“ მთავარი შემოქმედი ნიკა გვარამიაა, რომელიც ე.წ გებელსისეული მეთოდით ცდილობს საზოგადოებაზე ზემოქმედებას.

„ნიკა გვარამიას ნათქვამიც გვახსოვს, რომ „არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ფაქტებს, მთავარი არის აღქმები და აღქმების შესაქმნელად აბსოლუტური ტყუილი უნდა იქნას გამოყენებული ათასჯერ, რომ შემდეგ ეს სიმართლედ იქცეს“. ზუსტად ასე იქცეოდნენ 1930-იან და 1920-იან წლებში ფაშისტური ქვეყნები, გებელსისეული ხელწერა. ჯერ უნდა შეიქმნას ერთი ე.წ წყარო, რომელსაც შედეგ უკვე მოიხმობენ უცხოელები ქართველებს, ქართველები უცხოელებს, რომელთა უკანაც ერთი და იგივე ძალები დგანან, რომელთა მიზანიც ისევ და ისევ საქართველოზე თავდასხმაა“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძე ნიკა გვარამიას დეზინფორმაციის გავრცელების და ჟურნალისტიკის დასამარების ერთ-ერთ მთავარ ავტორად მოიხსენიებს.

„ნიკა გვარამია საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელების და დეზინფორმაციული კამპანიის, ასევე ჟურნალისტიკის დასამარების მცდელობის ერთ-ერთი უმთავრესი ავტორია. ეს არის ადამიანი, რომელიც მედია მენეჯერად მოიხსენიეს რამდენჯერმე ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა. ეს არის ადამიანი, რომელიც სიცრუეს ავრცელებდა ყოველთვის, როდესაც ტელევიზიაში იყო, როდესაც მართავდა მათ.
საინტერესოა, რომ ზუსტად სიცრუის გამავრცელებელი დგას იმ კამპანიის უკან, რომელსაც ყველანი ვხედავთ და ამ ფილმის პრეზენტაციაზე, თუ მივლენ დიპლომატებიც, საინტერესოა ჯერ გააკეთებენ თუ არა ისინი რაიმე კომენტარს 4 ოქტომბრის ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობასთან დაკავშირებით. შევახსენებ საზოგადოებას, რომ 3 თვეა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არავითარი კომენტარი არ გაკეთებულა. მაშინ, როცა სწორედ ეს არის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედება“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები