ევროკავშირი: ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვენესუელაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

ბლოკი ყველა მხარეს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ესკალაცია და უზრუნველყოფილი იყოს კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა.

„ევროკავშირი იხსენებს, რომ ნებისმიერ ვითარებაში უნდა იყოს დაცული საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპები. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის საყრდენს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ ამ პრინციპების დაცვაზე.

ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნიკოლას მადურო არ სარგებლობს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციით და რომ ბლოკი მხარს უჭერს ქვეყანაში დემოკრატიაზე მშვიდობიან გადასვლას ვენესუელას ხელმძღვანელობით, მისი სუვერენიტეტის პატივისცემით. ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს.

ევროკავშირი იზიარებს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას. ამავდროულად, ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ეს გამოწვევები უნდა გადაიჭრას მდგრადი თანამშრომლობით, საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული დაცვით.

ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ შეერთებულ შტატებთან, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ და ხელი შევუწყოთ დიალოგს ყველა ჩართულ მხარესთან, რაც გამოიწვევს კრიზისის მოლაპარაკებით, დემოკრატიულ, ინკლუზიურ და მშვიდობიან გადაწყვეტას, რომელსაც ვენესუელელები ხელმძღვანელობენ.

ვენესუელას დემოკრატიის აღდგენისა და მიმდინარე კრიზისის მოგვარების ერთადერთ გზად ვენესუელას ხალხის ნების პატივისცემა რჩება.

ამ კრიტიკულ დროს აუცილებელია, რომ ყველა მხარემ სრულად პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ვენესუელაში ამჟამად დაკავებული ყველა პოლიტიკური პატიმარი უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საკონსულო ორგანოები მჭიდრო კოორდინაციით მუშაობენ ევროკავშირის მოქალაქეების, მათ შორის ვენესუელაში უკანონოდ დაკავებული პირების უსაფრთხოების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები