პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – ჰ.ქ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – თურქეთის მოქალაქეს, 1984 წელს დაბადებულ ბ.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჰ.ქ. ბრალდებულის სახით დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.