“2025 სასწავლო წლის განმავლობაში თბილისსა და რუსთავში გაიხსნა ღირებულებითი განათლების დამატებით 70 კლუბი” – საპატრიარქო

“2025 სასწავლო წლის განმავლობაში თბილისსა და რუსთავში გაიხსნა ღირებულებითი განათლების დამატებით 70 კლუბი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროგრამის მიმართ საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო სივრცის მზარდ ინტერესსა და მხარდაჭერას”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იტყობინება.

ამავე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით უკვე 101 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ფუნქციონირებს 117 ღირებულებითი განათლების კლუბი, სადაც ასობით მოზარდი იღებს არაფორმალურ განათლებას ისეთი ფუნდამენტური ღირებულებების შესახებ, როგორებიცაა: პასუხისმგებლობა, ურთიერთპატივისცემა, მოქალაქეობა, ეროვნული თვითშეგნება, ემპათია და საზოგადოებრივი ჩართულობა.

“პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია ადამიანური რესურსის გაძლიერება. სწორედ ამ მიზნით, ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადების სრული სამეტაპიანი კურსი უკვე გაიარა დაახლოებით თბილისის მასშტაბით 150-მდე ხოლო 4 ეპარქიაში 35-მა სასულიერო პირმა. გადამზადების პირველი ეტაპი გავლილი აქვს რვა ეპარქიის 92 სასულიერო პირს, რომლებიც ამ ეტაპზე თვეში ერთხელ ატარებენ სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს.

პროგრამა განაგრძობს განვითარებას და უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტ სკოლასა და რეგიონს მოიცავს, რათა ღირებულებითი განათლება გახდეს მოზარდების ყოველდღიური საგანმანათლებლო გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილი”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები