ნინო წილოსანი: უვიზო მიმოსვლა დაღეჭილი თემაა – არაერთხელ ვართ ამ საკითხით დაშანტაჟებული – იმედი გვაქვს, ისე არ გაფუჭდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რომ მათი ვიზის აღება იყოს ჯოჯოხეთის ტოლფასი

“უვიზო მიმოსვლა დაღეჭილი თემაა. არაერთხელ ვართ ამ საკითხით დაშანტაჟებული – იმედი გვაქვს, ისე არ გაფუჭდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რომ მათი ვიზის აღება იყოს ჯოჯოხეთის ტოლფასი,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს აქვს სხვა დანარჩენ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა, არ გამხდარა ევროკავშირში ქაოტური მიგრაციის საფუძველი.

„თავისთავად, ფაქტი, რომ ის საფუძვლები გამარტივეს, რითაც ისინი ვიზალიბერალიზაციას შეაჩერებენ, არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესის მატარებელი. ის პოლიტიკური ინტერესი არაერთხელ გამოხატულა საქართველოს შემთხვევაში, რომ გარკვეული შანტაჟის ფორმებს იღებდა და ამ შემთხვევაშიც ვიცით, რომ ვიზალიბერალიზაცია სწორედ ამ მიზნებისთვის გამოიყენება. თავისთავად, იქ არის გაწერილი ისეთი კრიტერიუმები, რომელიც შეუძლიათ, რომ ფალსიფიცირებულად წარმოადგინონ. ჩვენ გვინახავს, მაგალითად, უკრაინის, მოლდოვის შემთხვევაში, საერთოდ გამოუტოვებია ადამიანის უფლებების შესახებ თავები, მაგრამ საქართველო უსამართლოდ გაუკრიტიკებიათ ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ერთია, რომ ეს არის სერიოზული მექანიზმი, ბოროტად იყოს გამოყენებული არასწორი ბიუროკრატების ხელში, მაგრამ ამავდროულად მეორე ფაქტორია, მაგალითად, საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან. საქართველოს აქვს პირობითად, უვიზო რეჟიმი ჩინეთთან და იდენტურად არ აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან. ასეთი თითიდან გამოწოვილი არგუმენტები შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ, თუმცა აქ ჩვენს მხარეს ერთი არგუმენტია – არ არსებობს დამადასტურებელი სტატისტიკა, რომ საქართველოში შემოსული რომელიმე თავისუფლად გადაადგილების რეჟიმში მყოფი ქვეყნების მოსახლეობის დიდი რაოდენობა, შესულიყოს ევროკავშირში ქაოტურად. ის ფაქტი, რომ საქართველოს აქვს სხვა დანარჩენ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა, არ გამხდარა ევროკავშირში ქაოტური მიგრაციის საფუძველი. შესაბამისად, მათ ქაოტურ მიგრაციასთან დაკავშირებით სულ სხვა პრობლემები აქვთ და ეს ნამდვილად არ უკავშირდება საქართველოს.

პროცედურების გამარტივება იმას ემსახურებოდა, რომ ბიუროკრატების ხელში უფრო მეტი ძალაუფლება აღმოჩენილიყო სხვადასხვა ქვეყნების შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. თავისთავად, თავადვე აქვთ გაცხადებული, რომ ინდივიდუალურად და კონკრეტული ჯგუფების წინააღმდეგ გამოიყენონ ვიზების შეზღუდვის საკითხი. თუმცა ვფიქრობ, ესეც დაღეჭილი თემაა. არა ერთხელ ვართ ამ თემით დაშანტაჟებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თავისთავად უვიზოდ გადაადგილება არის კომფორტი, მაგრამ ვერც უამისობა შეგვიშლის ხელს, რომ ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ შორის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, გვქონდეს კარგი პოლიტიკური ურთიერთობა და თანამშრომლობა. როგორც იცით, პარლამენტის თავმჯდომარემაც ბულგარეთში ვიზიტის წინ აიღო ვიზა და ეს იყო ჩვეულებრივი პროცედურა. იმედი გვაქვს, ისე არ გაფუჭდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რომ მათი ვიზის აღება იყოს ჯოჯოხეთის ტოლფასი, როგორადაც თვითონ წარმოგვიდგენენ. ეს მათივე ინტერესში არის,“ – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები