ზაქარია წიკლაური: დედაქალაქში განხორციელებული პროექტები თბილისის მერის სწორი ხედვის და კარგი მენეჯმენტის შედეგია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ ზაქარია წიკლაურმა დედაქალაქის მერს და ვიცე-მერს ანგარიშის და ბიუჯეტის პროექტის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის შრომის შედეგად დედაქალაქი უფრო ლამაზი, საინტერესო და ინფრასტრუქტურულად გამართულია.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ კახა კალაძის პირობებში დაწყებული ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა, რომლითაც წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა მოგვეცა. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიც არის თბილისში ტრამვაის ხაზის დაბრუნება, რომელიც დიდუბიდან დიდი დიღმისკენ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობას განტვირთავს. ამ პროექტებით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ სხვაობა დღევანდელ ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის. ჩვენ გვახსოვს, რომ თბილისში იყო ტრამვაის ხაზი, თუმცა მაშინდელი ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობა ძარცვავდა თბილისს და დღეს კოლოსალური თანხების გადახდა გვიწევს, რომ ტრამვაი დავაბრუნოთ დედაქალაქში. ეს პროექტები თბილისის მერის სწორი ხედვის და კარგი მენეჯმენტის შედეგია“- განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ ევროკავშირის რეზოლუციაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, რეზოლუციაში უსამართლო და არასწორი შეფასებები, რომლებიც არ ასახავს იმ წინსვლას და პროგრესს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აღწევს.

„როდესაც ასეთ არასწორ შეფასებას ვისმენთ, კარგად უნდა გვესმოდეთ, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, ვუერთგულოთ საკუთარ ქვეყანას და არ მივცეთ რადიკალურ დაჯგუფებებს საშუალება შეაფერხოს ქვეყნის წინსვლა“- განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები