ზაქარია წიკლაური: თბილისი უფრო ლამაზი, ინფრასტრუქტურულად გამართულია და სატრანსპორტო პოლიტიკა მორგებულია საზოგადოებაზე
შთამბეჭდავი უწოდა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ ზაქარია წიკლაურმა თბილისის მერის კახა კალაძის მიერ წარმოდგენილ ანგარიშსა და მომავალი წლის სამოქმედო გეგმას. როგორც წიკლაურმა აღნიშნა, თბილისის განვითარების დინამიკა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მერიის სწორი მენეჯმენტით შესაძლებელი ხდება უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.
პრიორიტეტებს შორის კი, ზაქარია წიკლაურმა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, სატრანსპორტო კვანძების განტვირთვა, ტრამვაის ხაზების მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაასახელა.
„ბატონი კახი, მსურს ფრაქცია „ხალხის ძალის” სახელით, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა მომდევნო წლის გეგმასთან დაკავშირებული იმ შესანიშნავი ანგარიშისთვის და შთამბეჭდავი ციფრებისთვის, რომელზეც თქვენ და ვიცე-მერმა უკვე ისაუბრეთ.
როდესაც თბილისის განვითარების ასეთ დინამიკას ვუყურებთ, ვხედავთ თუ რამდენად დიდი შრომაა ჩადებული თბილისის მერის და მერიის თითოეული თანამშრომლის მხრიდან. ვხედავთ, რომ ამ შრომის შედეგად თბილისი უფრო ლამაზი, ინფრასტრუქტურულად გამართულია და სატრანსპორტო პოლიტიკა მორგებულია საზოგადოებაზე.
ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ კახი კალაძის მერად ყოფნის პერიოდში დაწყებული ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა. ეს იყო პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში საზოგადოებისთვის მოუგვარებელი რჩებოდა. ახლა კი, შესაძლებელი გახდა თბილისის მერიის დახმარებით ამ პრობლემის მოგვარება.
ასევე მნიშვნელოვანია, ვახსენოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა თბილისისთვის ტრამვაის ხაზის დაბრუნება, რომელიც აუცილებლად განტვირთავს დიდუბიდან დიდ დიღმამდე სატრანსპორტო საცობს. თუმცა, ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენ ამით შესაძლებლობა გვეძლევა დავინახოთ დღევანდელ და წინა ხელისუფლებას შორის არსებული ძალიან დიდი სხვაობა.
ჩვენ გვახსოვს, რომ თბილისში არსებობდა ტრამვაი, ისიც გვახსოვს წინა ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობა როგორ ძარცვავდა დედაქალაქს და დღეს როგორ გვიწევს კოლოსალური თანხების გადახდა იმისთვის, რომ ტრამვაი დავაბრუნოთ თბილისში.
ეს ყველაფერი სწორი ხედვაა და თბილისის მერიის მენეჯმენტის მიერ გადადგმული კარგი ნაბიჯია, თუმცა, როდესაც ვხედავთ როგორ ვითარდება ქალაქი და როგორ მიიწევს წინ ჩვენი ქვეყანა, მაშინ წამოგვეწევა ხოლმე გარედან უსაფუძვლო შეფასებები. ვგულისხმობ ევროკავშირის რეზოლუციას, რომელიც არ ასახავს რეალურად იმ პროგრესს, რომელსაც რეალურად „ქართული ოცნების” პირობებში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. ისინი ცდილობენ გადაფარონ ყველა პროგრესი, რასაც ჩვენი ქვეყანა აღწევს წლების განმავლობაში და ცდილობენ ჩვენი სუვერენიტეტი კიდევ უფრო შეზღუდონ.
ასევე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ როდესაც მსგავსი რეზოლუციები ქვეყნდება, საჭიროა თითოეულმა მოქალაქემ სწორად უპასუხოს გამოწვევებს და დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, უერთგულოს მას და არ მისცეს არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, შეაფერხოს ეს წინსვლა და შესაბამისად, ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის განვითარებას,” – განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.