გიორგი კვირიკაშვილი: “ბოლო 2 წლის მანძილზე ბევრი ხელშესახები რამ გაკეთდა”

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ყველაზე მთავარი, რაც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს არის ბიზნესის სახელმწიფო წნეხისა და დირექტივებისგან გათავისუფლება.
„ამას კიდევ დრო სჭირდება, რომ ბიზნესმა ახალი რეალიები გაითავისოს და ამ რეალიებში შეძლოს უკვე თავისუფალი ფუნქციონირება და მე მგონია, რომ ამის შედეგს მომავალში კიდევ უფრო მეტს დავინახავთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, თუნდაც ის, რომ ექსპორტი 27%-ით გაიზრადა.
„ის, რომ ევროკავშირთან საბოლოოდ გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამ მიმართულებით დიდი სამუშაო გეგმა გვაქვს კიდევ მომავალში 3 წლიანი, სადაც მთლიანად საქართველოს მოდერნიზაციაა გათვალისწინებული. ის, რომ ინფრაქტრუქტურული მიმართულებით ბევრი პროექტი კეთდება. ის, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ძალიან ეფექტურად ამუშავდა და დაფინანსებულია 25 საწარმო. ასევე სოფლის მეურნეობის მთელი რიგი პროგრამები, მიკროსაწარმოების დაფინანსების პროგრამა, რომელიც რეგიონებში მცირე ფერმერული მეურნეობის განვითარებას ითვალისწინებს, ასევე სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურლი პროექტები, როგორიცაა გათოვლიანების სისტემა და ა.შ. ამასთან, ტურიზმის მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა, ასევე სერიოზული ინტერესი ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ეს ყველაფერი ძალიან ხელშესახებია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები