რაზე ისაუბრეს დავით საგანელიძემ და არსენ იაცენიუკმა?

 უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტი დავით საგანელიძე უკრანის პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკს შეხვდა.
წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა კიევის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შედგა, სადაც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი არჩევანი გააკეთა.
დავით საგანელიძემ უკრაინას დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, ხოლო პირადად არსენ იაცენიუკის პარტიას არჩევნებში წარმატება უსურვა.
დავით საგანელიძემ ასევე გამოთქვა წუხილი, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, 5 მილიონამდე მოქალაქემ ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
არსენ იაცენიუკმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე გამოთქმული მტკიცე მხარდაჭერისათვის საქართველოს მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის უმაღლესი რადას არჩევნებზე საქართველოს დამკვირვებლებმა მაღალი ინტერესი გამოიჩინეს, ჩამოსულია არაერთი დელეგაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობს. არსენ იაცენიუკმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს ხანებში მას საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსვლის საშუალება ექნება. შეგახსენებთ, რომ დავით საგანელიძე PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში, უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებს აკვირდებოდა, ხოლო მონიტორინგის შედეგები დღეს კიევში, საინფორმაციო სააგენტო “უნიანის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ადგილობრივ და უცხოურ მედიას გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები