“გრიპზე აცრილებსაც ემართებათ გრიპი, მაგრამ მათში ბევრად მსუბუქად მიმდინარეობს; შესაბამისად, აცრილებს გრიპი არ ურთულდებათ პნევმონიით და არ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია” – ინფექციონისტი
“ამჟამად, მკვეთრად მოიმატა გრიპის შემთხვევებმა. სწრაფი ტესტით და PCR კვლევით ხშირად დასტურდება A ტიპის გრიპი”, – ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ბევრისგან ვისმენ მარადიულ ფრაზას: “რა აზრი ქონდა აცრას, მაინც გავცივდი”.
ჯერ ერთი, გრიპის ვაქცინას არ აქვს იმის ამბიცია, რომ მისი გაკეთების შემდეგ “არ გავცივდებით”.
აქვე დავამატებ, რომ “გაცივება” არ არსებობს და სინამდვილეში ყველა ეს “გაცივება” რომელიღაც ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციაა. მათ შორის მხოლოდ ერთ-ერთია გრიპის ვირუსი, რომელზეც კეთდება ვაქცინა. თუმცა ადამიანები სასუნთქი გზების ყველა სიმპტომს “გრიპს” ეძახიან.
გრიპზე აცრილებსაც ემართებათ გრიპი, მაგრამ მათში ბევრად მსუბუქად მიმდინარეობს. შესაბამისად, აცრილებს გრიპი არ (ან ძალიან იშვიათად) ურთულდებათ პნევმონიით და არ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია. შეგახსენებთ, რომ აუცრელ ადამიანებში გრიპით სიკვდილის შემთხვევებიც არსებობს. სეზონური გრიპით მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება.
ყოველ წელს გრიპის ვირუსი ახალი ქვეტიპით გვევლინება. ამიტომ, აცრა ყოველ წელს ტარდება. ვაქცინა ყველასთვის უფასოა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ვისაც ამ სეზონზე ჯერ არ ჩაუტარებია”, – წერს ბუწაშვილი.