“ეყრება საფუძველი იმას, რომ რამდენიმე წელიწადში თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი თაობა გვყავდეს“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების სფეროში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
როგორც პრემიერმა “ქართული ოცნების“ მმართველობის 2-წლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ახლავე ეყრება საფუძველი იმას, რომ სულ რამდენიმე წელიწადში თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი მთელი თაობა გვყავდეს.
“სწორედ ამ მიზნით წელს შევქმენით განათლების საერთაშორისო ცენტრი. ჩვენ ვაფინანსებთ სტუდენტებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში იღებენ ხარისხიან განათლებას. სამშობლოში დაბრუნებულები კი საჯარო სექტორში დასაქმდებიან და ცოდნას ჩვენს ქვეყანას მოახმარენ. 2 წლის განმავლობაში ჩვენ 147 სტუდენტის სწავლა დავაფინანსეთ”, – აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ოჯახებს სასკოლო ხარჯები მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ. “მინდა გაგაცნოთ პირველი შედეგები, რომლებიც უკვე გვაქვს განათლების სისტემაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ოჯახებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ მდგომარეობა. მათთვის სასკოლო ხარჯები იყო ძალიან სერიოზული პრობლემა, განსაკუთრებით მძიმედ აწვებოდათ ეს ტვირთი იმ ოჯახებს, რომლებსაც რამდენიმე შვილი ჰყავთ. მეორე წელია, რაც სკოლის მოსწავლეები უფასოდ იღებენ სახელმძღვანელოების კომპლექტს და ამან 60 პროცენტამდე შეამცირა ოჯახის წლიური დანახარჯი საშუალო განათლებაზე – მოსწავლეების მშობლები ყოველწლიურად 75 მილიონ ლარს ზოგავენ. ამ დარბაზში პედაგოგებიც ბრძანდებით და მოსწავლეთა მშობლებიც, და დამეთანხმებით, რამხელა მხარდაჭერაა ეს. გარდა ამისა, 1065 სკოლის 53 ათასამდე მოსწავლეს ემსახურება უფასო სასკოლო ტრანსპორტი. რეგიონებში, იმ ადგილებში, სადაც ბავშვებისთვის სკოლაში მისვლა დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, დანიშნულია სპეციალური ავტობუსები. ჩვენ ვაშენებთ და ვარემონტებთ სკოლებს. საქართველოს მასშტაბით უკვე ავაშენეთ 9 ახალი სკოლა და კიდევ ვაშენებთ 8 სკოლას. 1000 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია”, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, კიდევ ერთი სიახლეა განათლების სისტემაში – სახელმწიფო სრულად აფინანსებს 21 საბაკალავრო პროგრამას. მისივე თქმით, სახელმწიფო აგრეთვე მთლიანად აფინანსებს 12 ათასამდე სტუდენტს, რომლებიც საჯარო კოლეჯებში იღებენ პროფესიულ განათლებას. პრემიერის განცხადებით, თბილისში დაიწყო თანამედროვე საერთო საცხოვრებლის მშენებლობა სოციალურად დაუცველი, რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის. “ასეთივე საერთო საცხოვრებლებს ვაშენებთ ახალქალაქში, ზუგდიდსა და ქუთაისში. ახალგაზრდებს ხელი უნდა შევუწყოთ და მაქსიმალური პირობები შევუქმნათ. ფინანსური პრობლემების გამო მათ არ უნდა შეეშალოთ ხელი სათანადო განათლების მიღებაში. ეს ჩვენი ვალდებულებაა”, – აღნიშნა პრემიერმა.