სოლომონ პავლიაშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მშენებარე ნარჩენების განთავსების ობიექტის ოპერირების საკითხები რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მშენებარე ნარჩენების განთავსების ობიექტის ოპერირების საკითხები რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე.

„შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის ოპერირებასთან დაკავშირებული ტექნიკური და ფინანსური საკითხები. ამ მიმართულებებით ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. იმისთვის, რომ ახალი ობიექტი და მისი ოპერირება ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდეს, საჭიროა საწყის ეტაპზე შევაჯეროთ წინადადებები, გავითვალისწინოთ საჭიროებები და შევქმნათ გამართული სისტემა“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

სამუშაო შეხვედრაზე განსახილველ მთავარ თემას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდგომ მისი ოპერირების მდგრადობა წარმოადგენდა.

საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამას” ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ახალი ობიექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს მოემსახურება. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ძველი ნაგავსაყრელები სტანდარტების შესაბამისად დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები