ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 3 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 3 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფელ ალასტანის, კოთელიისა და დადეშის საჯარო სკოლების განახლებულ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გაეცნო.
“მინისტრი სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს შეხვდა და მათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა.
მინისტრთან ერთად სრულად რეაბილიტირებული სკოლები სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სერგი მუშკუდიანმა, ახალქალაქი-ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების დელეგატმა სამველ მანუკიანმა, ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა და ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანმა დაათვალიერეს.
ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად სამივე სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეები. ამასთან, ფუნქციონირებს რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო და ბიბლიოთეკა.
სკოლები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემებით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის – მოწყობილია ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებულია სველი წერტილები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა,”- წერია ინფორმაციაში.