სათაფლიას მღვიმის აღმოჩენიდან 100 წელი გავიდა
სათაფლიას მღვიმის აღმოჩენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის ეკოტური გაიმართა. ეკოტურს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი შეუერთდა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სათაფლიას მღვიმე 1925 წელს ქუთაისელმა პედაგოგმა და ნატურალისტმა პეტრე ჭაბუკიანმა აღმოაჩინა.
“სათაფლია განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობით გამოირჩევა — დაწყებული პრეისტორიული ხანის, 120 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრების ნაკვალევიდან, დასრულებული მრავალფეროვანი კარსტული მღვიმით.
სათაფლია უნიკალური კოლხური ტყით, პანორამული გადასახედით, ტურისტული ბილიკებით, მუზეუმითა და დინოზავრების პარკით ინტერესს ყველა ასაკის სტუმარს უღვიძებს და ყოველწლიურად ათი ათასობით ვიზიტორს მასპინძლობს.
2011 წელს გახსნილმა ვიზიტორთა ცენტრმა და საგამოფენო სივრცემ მნიშვნელოვნად გაზარდა ლოკაციის ტურისტული პოტენციალი. 2015 წლიდან დღემდე, სათაფლიაში განხორციელდა ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია: განახლდა დინოზავრების პარკი და დაემატა ახალი მაკეტები, მოეწყო საბავშვო გასართობი ზონა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტურისტულ ბილიკებს, განახლდა მღვიმისა და ეზოს განათების სისტემა და შუშის პანორამული გადასახედი. პროექტებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ 4 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს სათაფლიას, როგორც იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ობიექტის განვითარებას, რათა ვიზიტორებისთვის მოგზაურობა გახდეს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი,”- წერია ინფორმაციაში.