„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელია, დღეს გახარია თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას, ასე რომ ახლა კითხვები გვაქვს ევროკავშირთან და გერმანიასთან,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ვერდიქტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის ქართული გამოძიების ფაქტები კონსტატირებული.
„დღეს გახარია თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას, ასე რომ ახლა კითხვები მიემართება ევროკავშირს და გერმანიას ამ შემთხვევაში, სადაც ის იმყოფება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელია, საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურამ თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა, მიდის გამოძიება და არის კონკრეტულად ბრალი წარდგენილი ადამიანს მიმართ, რომელიც დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას. ასე რომ, მე მგონი ბრიუსელი და სტრასბურგი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ, აღიარებს თუ არა ბრიუსელი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გამოძიების წარმოების აუცილებლობას. არ ვიცი გახარიას პარტიას ამ გადაწყვეტილებაში რა გაუხარდა. ძალით კარგი პოზის შენარჩუნება სურთ, მათ შორის, ციტატები მოჰყავდათ თითქოს უმაღლესი თანამდებობის პირებს არ გაუციათ ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, გახარიას არ გაუცია ბრძანება, ეს წერიაო.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის ქართული გამოძიების ფაქტები კონსტატირებული. გახარიას ხელში წარმოებული გამოძიება რაც იყო, რომ ის არაფერ შუაში არ იყო, სწორედ ეს დარღვევა დაადგინა სტრასბურგმა, რომ სათანადოდ არ იყო გამოძიებული და დაავალა საქართველოს გამოძიება. სწორედ ამ გამოძიებამ დაადგინა, რომ მანამდე დადგენილი ზოგიერთი ფაქტი არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ასე რომ, ის მაგალითად რაც მოჰყავთ, თითქოს გახარია ამ საქმეში უბრალოა, პირიქით, ეს არის დასტური, რომ მისი მონაწილეობით წარმოებული გამოძიების შედეგად ხელი იყო დაფარებული გარკვეულ გარემოებებზე და ამის გამო დადგინდა დარღვევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა.