პროკურატურამ 809 880 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, 809 880 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყალბი მინდობილობის გამოყენებით გაასხვისა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი 10700.00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რითაც დაზარალებულს დიდი ოდენობით, 809 880 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები