ბექა ძამაშვილი: დიდმა პალატამ დაადგინა, რომ როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე ხდება თავდასხმა, სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს ძალა
,,დიდმა პალატამ დაადგინა, რომ როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ამ შემთხვევაში პარლამენტზე, ასევე სამართალდამცველებზე ხდება თავდასხმა და მეტიც – შტურმის მცდელობა არის, სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს ძალა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გამოსაყენებელი იქნება ყველა სხვა შემთხვევაზეც”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც 20-21 ივნისის საქმეს ეხება.
მისი განმარტებით, დიდმა პალატამ კონკრეტულ, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა შეფასება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმა, მათ შორის, ცალკეული პოლიტიკოსების მიერ იყო წახალისებული.
„ამასთანავე, დიდმა პალატამ შეაფასა, როგორ უნდა მოხდეს ხოლმე სახელმწიფოს მიერ რეაგირება ასეთ დროს, როდესაც შეკრება-მანიფესტაცია მიიღებს ძალადობრივ ხასიათს და ის გახდება უკანონო. 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით [დიდმა პალატამ] ფაქტობრივად, დარღვევა დაადგინა იმ ნაწილში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელებმა არაპროპორციულად გამოიყენეს ძალა მომიტინგეების მიმართ.
კერძოდ, დიდი პალატის გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ დაზიანებები მიღებული აქვთ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც შესაძლოა, უშუალოდ არ უდასტურდებოდეთ ამ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობა. ეს არის მნიშვნელოვანი მითითება. ფაქტობრივად, დიდმა პალატამ დღევანდელი გადაწყვეტილებით დაამტკიცა ის, რაც პროკურატურის ნოემბრის ბრიფინგით გახდა ცნობილი – რომ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის გიორგი გახარიას მხრიდან არასწორად იყო გაცემული დავალებები, როგორ უნდა მომხდარიყო ასეთი ძალადობრივი აქციის დროს რეაგირება, არ იყო პროპორციული ძალა გამოყენებული. შეიძლება ითქვას, რომ დიდი პალატის ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად არის სრულ თანხვედრაში იმასთან, რაც პროკურატურამ უკვე გამოკვეთა ბრალში”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, ბექა ძამაშვილის განმარტებით, დიდი პალატის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან სასამართლოსთან თანამშრომლობის აღნიშვნა.
„დღევანდელი გადაწყვეტილებიდან მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ დიდმა პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საქმეში სახელმწიფომ სასამართლოსთან სრულად ითანამშრომლა. 38-ე მუხლის დარღვევა არ დადგინდა, ეს ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო არის აბსოლუტურად გახსნილი, ტრანსპარენტული იმისთვის, რომ ითანამშრომლოს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, მათ შორის რა თქმა უნდა, პირველ რიგში სტრასბურგის სასამართლოსთან.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება. ის მითითებები, რომლებიც დიდი პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაში გაკეთდა, მნიშვნელოვანი საყურადღებო გარემოებები იქნება გამოძიების ფარგლებში”, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.