გურამ მაჭარაშვილი: ALDE, ბუნებრივია, არის „გლობალური ომის პარტიის“ შემადგენელი ნაწილი, ისევე როგორც BBC
“ALDE, ბუნებრივია, არის „გლობალური ომის პარტიის“ შემადგენელი ნაწილი, ისევე როგორც BBC,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ALDE-ს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, საუბარი იმაზეა, რომ საჯაროდ აღიარებული მტკიცებულებები არსებობს და რაც მთავარია, თავად ელისაშვილის მიერ არის ეს ყველაფერი აღიარებული.
„ALDE, ბუნებრივია, არის “გლობალური ომის პარტიის” შემადგენელი ნაწილი, ისევე როგორც BBC, ამიტომ ასე ხელაღებით, პირდაპირ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, თუ წერილებს ავრცელებს საქართველოსთან მიმართებით. უბრალოდ, ელისაშვილთან დაკავშირებით, საჯაროდ აღიარებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, იძულებული გახდა რომ ეთქვა, რომ ემიჯნება ამ აქტს. შერცხვას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ სირცხვილი მასთან არაფერ შუაში არ არის. უბრალოდ, საუბარი იმაზეა, რომ საჯაროდ აღიარებული მტკიცებულებები არსებობს და რაც მთავარია, თავად ელისაშვილის მიერ არის ეს ყველაფერი აღიარებული. ამას გაემიჯნა, მაგრამ შემდეგ მოაყოლა ვითომ, ასევე ემიჯნება აქციების რადიკალურ დარბევებს, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. ასევე თქვა, რომ ემიჯნება ქიმიური იარაღის გამოყენებას, არადა თვითონ ეს ხალხიც კი ამბობს, რომ არავის გამოუკვლევია და საერთოდ, არ იციან არის თუ არა ქიმიური იარაღი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ALDE-ში ეხმაურებიან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი: “რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად ნათელია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას.”