საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE“, ბრიტანული მედიასაშუალება BBC-ის ფილმზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის მორიგი თავდასხმა საქართველოზე და საქართველოს ხელისუფლებაზე.
ამასთან, ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ ეს დეზინფორმაციის კიდევ ერთი კამპანიაა და რომ ასეთ შემთხვევებში აქტორები იგივე არიან, უბრალოდ, ინიციატორები იცვლებიან ხოლმე.
„იყო რაღაც კამპანიები, რომლებიც იწყებოდა ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებით და შემდეგ შენდებოდა ამაზე მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო მედია. იყო რაღაც კამპანიები, როდესაც პოლიტიკურ სცენაზე გამოვიდნენ უცხოელი პოლიტიკოსები უფრო მეტად. ჩვენ ვიხილეთ უცხოელი დიპლომატებიც და ახლა ეს არის მაგალითი, როდესაც სცენაზე არის უცხოური მედიასაშუალება, როგორც ამ კამპანიის დაწყების პირველწყარო. ესეც ჩვეულებრივად მართული კამპანიაა, იგივენაირი კამპანიაა დეზინფორმაციის, რაც ჩვენ არაერთი ვიხილეთ საქართველოს წინააღმდეგ. გახსოვთ ალბათ „თავისუფლება მიშას“ კამპანია, როგორ მოწამლეს და როგორ კვდებოდა პატიმარი ნომერი ერთი ქართულ ციხეში, როდესაც ციხეშიც არ იყო და არაერთი კამპანია ასეთი ცრუ კამპანია, „რუსული კანონი“ როგორ მივიღეთ, რომელიც არ იყო რუსული სინამდვილეში“, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრის თქმით, ყველა მსგავს კამპანიას საერთო მიზანი ჰქონდა – დაზიანებულიყო საქართველოს ინტერესი, დაზიანებულიყო ჩვენი ეროვნული ინტერესი და დაზიანებულიყო ხელისუფლება.
„ესეც იგივე კამპანიაა, რომ რაღაც მძიმე სურათი უნდა შექმნან, რა თქმა უნდა, იმისთვის რომ გაამყარონ ნარატივი, რა ნარატივითაც რეალურად შენ სჯი საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს და არ მიჰყვება იმ ხაზს, რა ხაზიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.