“გასული თვეების განმავლობაში დავინახეთ დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან არაერთი დეზინფორმაცია და საქართველოს ხელისუფლების შანტაჟის მცდელობა” – მახაშვილი

“გასული თვეების განმავლობაში დავინახეთ დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან არაერთი დეზინფორმაცია, არაერთი მანიპულაცია და საქართველოს ხელისუფლების შანტაჟის მცდელობა”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო წერტილი იყო „ბიბისის“ სიუჟეტი.

“ე.წ. დოკუმენტური ფილმი, 5-6-დღიანი ჩვეულებრივი სიყალბე, იმდენად მდარე ტყუილი, რომ ყველა ჩვენგანს გაგვიჩნდა არაერთი კითხვის ნიშანი, რომ ეს ხომ არ არის ორკესტრირებული, ჰიბრიდული შეტევა საქართველოზე. ამიტომაც ვთქვი, რომ ყველა მსხვილი, დეზინფორმაციული კამპანიის წყარო და საბოლოო კვალი ბოლო პერიოდში მიდიოდა ლონდონში. დიდი ბრიტანეთის ელჩის განაცხადიც ღიმილის მომგვრელია.

დიდ ბრიტანეთს დიდი ტრადიციები აქვს, დიდი კულტურა და დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვს და ნამდვილად გასაკვირია დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადება. ასეთი სახელმწიფოსგან ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი მოთხოვნა ვიდრე სხვა რომელიმე ევროპული სახელმწიფოსგან, რომ მაქსიმალურად დაიცვან დიპლომატიური ეტიკეტი, თავი შეიკავონ შიდა საქმეებში ჩარევისა და ასეთი ტყუილების გავრცელებისგან.

მთავარი არის ის, რომ არაერთი კითხვის ნიშანი, არაერთი კვალი დეზინფორმაციული ნარატივის ლონდონისკენ წავიდა და აუცილებელია დიდმა ბრიტანეთმა გააკეთოს მკაფიო განმარტებები რას უკავშირდება – ეს არის ელჩის თვითგანცხადებები, თუ ეს არის ჰიბრიდული პროცესის კიდევ ერთი ტალღა საქართველოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები