სტამბოლში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-17 შეხვედრა გაიმართა
ქალაქ სტამბოლში 4 დეკემბერს გაიმართა ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-17 შეხვედრა, რომლის მიზანია 1992-1993 წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიება და ხვედრის დადგენა. შეხვედრას ნეიტრალური შუამავლის სტატუსით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) თავმჯდომარეობდა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
„შეხვედრაზე, მონაწილეებმა განიხილეს საკოორდინაციო მექანიზმის საქმიანობაში ბოლო სხდომის (2024 წლის მაისი) შემდგომ პერიოდში განხორციელებული საქმიანობა. დისკუსიისას აღინიშნა დამატებითი ინფორმაციის მოძიების საჭიროება უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების შესაძლო სამარხების შესახებ. ასევე, განხილულ იქნა დღემდე მიღწეული შედეგები, ისევე როგორც გამოვლენილი გამოწვევები, რაც უკავშირდება 30 წელზე მეტი ხნის წინ დაკარგული ადამიანების მოძიებისა და ამოცნობის პროცესს.
მონაწილეებმა გაცვალეს მათ ხელთ არსებული დამუშავებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს იდენტიფიცირების პროცესს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მონაწილეთა შორის მიმდინარე ჰუმანიტარულ პრინციპებზე დაფუძნებული დიალოგი და საკოორდინაციო მექანიზმში მათი მუდმივი ჩართულობა გადამწყვეტია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენისთვის, პროცესის შემდგომი ეფექტურობის და მდგრადობის უზრუნველყოფისა და ოჯახებისთვის პასუხების გაცემის შესაძლებლობისთვის.
ამ დრომდე, საკოორდინაციო მექანიზმის მუშაობის შედეგად 308 პირია ამოცნობილი და გადაეცათ ოჯახებს სათანადო პატივით დასაკრძალად. საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში დღემდე 1753 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები მოუთმენლად ელიან კონკრეტულ პასუხს და მრავალწლიანი გაურკვევლობის დასრულებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.